საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე სხდომის ერთობლივი პრესრელიზი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-17

2015 წლის 16 ნოემბერს საქართველომ და ევროკავშირმა გამართეს ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა. ეს საბჭო არის უმაღლესი ოფიციალური ორგანო, რომელიც ხელშეკრულების განხორციელების ზედამხედველობის მიზნით დაარსდა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

საბჭოს სხდომის გახსნისთანავე მხარეებმა დაგმეს 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტი. ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლა არის ჩვენი ერთობლივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი თავისუფლებისა და ღირებულებების დაცვა, როგორც ეს განმარტებულია ასოცირების ხელშეკრულებაში.

ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ (2014 წლის ნოემბერი) მიღწეული პროგრესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი და აღიარეს საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიული, სტაბილური და აყვავებული ქვეყნის მშენებლობასთან.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება არის ევროკავშირისა და საქართველოს მზარდი ურთიერთობების სრული პოტენციალის ამოქმედების კონკრეტული გზა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია ძირეული რეფორმების მხარდაჭერაზე, ეკონომიკურ აღორძინებასა და ზრდაზე, ასევე მმართველობასა და სექტორულ თანამშრომლობაზე. ასოცირების საბჭო, რომელიც აღიარებს ხელშეკრულების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, შეინარჩუნოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო ღირებულებების (დემოკრატია, სანიმუშო მმართველობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა) შესაბამისად გატარებული რეფორმების პოზიტიური შედეგები. ამ კონტექსტში, ასოცირების საბჭოს შეფასებით, საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით აუცილებელია დემოკრატიული მუხტის შენარჩუნება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოში მოღვაწე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფისკენ, ასევე პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობისკენ, რაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა თავშეკავებისკენ ისეთი მოქმედებებისა და განცხადებებისაგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ დაძაბულობის ზრდასა და პოლარიზაციას.

ევროკავშირი მომავალშიც დაეხმარება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში. ევროკავშირმა განსაკუთრებით აღნიშნა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეთა დამოუკიდებელი, სამხილზე დამყარებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი გამოძიებისა და სასამართლო დევნის, ასევე სამართლებრივი გარანტიების დაცვის მნიშვნელობა.

ასოცირების საბჭო მიესალმება საქართველოს პროგრესს ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე ძირითადი ეტაპობრივი მიზნების მიღწევის კუთხით, რაც აღინიშნა კიდეც პროგრესის შესახებ კომისიის 2015 წლის მაისის ანგარიშში. ევროკავშირმა კმაყოფილებით აღნიშნა წინსვლა დარჩენილი მიზნების მიღწევის გზაზე. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს კომისიის შემდეგი ანგარიშის მნიშვნელობა, რომლის გამოქვეყნებაც დაგეგმილია 2015 წლის ბოლოს. საქართველოს მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა რეფორმების, როგორც მიმდინარე საქმიანობის, მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის გააგრძელოს ეს ძალისხმევა.

ასოცირების საბჭო მიესალმება ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის მიღებას. მხარეები მიესალმებიან ადამიანის უფლებათა საკითხებზე დიალოგის მაღალ ხარისხს და აღიარებენ, რომ აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ბავშვებისა და ქალების უფლებათა განმტკიცების მხრივ.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების სფეროებში და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერთებას ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ქარტიასთან უდიდესი მნიშვნელობა ექნება ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკასთან დაკავშირებული დებულებების შესრულებაში. ევროკავშირი მიესალმება საქართველოსთან ნაყოფიერ თანამშრომლობას გარემოს დაცვის კუთხით და საქართველოს მზადყოფნას, ამ მხრივ თავისი კანონმდებლობა შეუსაბამოს ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებს.

ასოცირების საბჭო მიესალმება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დახმარების გამოყოფას, რომელიც საგრძნობლად გაიზარდა 2014-2017 წლებისთვის და საშუალოდ შეადგენს 100 მილიონ ევროს ყოველწლიურად, რაც მოხმარდება ამბიციური პოლიტიკური, მართლმსაჯულების სისტემისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებითა და ასოცირების დღის წესრიგით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირის ინვესტიციების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასოცირების საბჭომ გამოთქვა შეშფოთება აფხაზეთისა (საქართველო) და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) რეგიონებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის აღინიშნა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან/სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ეგრეთ წოდებული შეთანხმებების განხორციელება და ის უარყოფითი გავლენა, რომელიც აქვს ადმინისტრაციული საზღვრების გაყოლებაზე მავთულხლართის განთავსებასა და დემარკაციას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ცხოვრებასა და გადაადგილების თავისუფლებაზე.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება მშვიდობის, სტაბილურობისა და კონფლიქტების მოგვარებისადმი, ასევე არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებში თავისი ჩართულობისადმი. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში და მისი საქმიანობა, ევროკავშირის თანათავმჯდომარეობა ჟენევის მოლაპარაკებებში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ყოველივე ეს არის ამ მხრივ ევროკავშირის ურყევი გადაწყვეტილების ნათელი დემონსტრირება.
ასოცირების საბჭო აღიარებს ფართომასშტაბიანი პოლიტიკის გატარების გაგრძელებისა და ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა სექტორს, და მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებასთან კონტაქტის/ურთიერთობის გაღრმავებისკენ მიმართული ძალისხმევა.
ასოცირების საბჭომ აღნიშნა ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ მიმართული ზომების მნიშვნელობა.

ევროკავშირმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ევროკავშირის ხელმძღვანელობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობისთვის, ასევე იმ წვლილისათვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ევროკავშირის საკონსულტაციო მისიაში უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად.

ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს აქტიურ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივ საქმიანობაში, ასევე მის მონაწილეობას რიგის სამიტში და მადლობას უხდის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრთა მომავალი არაოფიციალური დიალოგის მასპინძლობისათვის, რომელიც გაიმართება თბილისში, 2015 წლის 26 ნოემბერს.

ასოცირების საბჭო იმედით შეჰყურებს უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისრის ერთობლივ კომუნიკეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხილვასთან დაკავშირებით და ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ამ პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებულ დისკუსიებს.

საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი), ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქალბატონი ფედერიკა მოგერინი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი), ასევე ევროკავშირის მხრიდან სხდომაში მონაწილეობდა ბატონი იოჰანეს ჰანი (ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში). ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი (ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი), ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი), ქალბატონი თეა წულუკიანი (იუსტიციის მინისტრი), ბატონი პაატა ზაქარეიშვილი (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი), ბატონი დავით ბაქრაძე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი) და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

წყარო: http://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2015/11/16-joint-press-release-second-association-council-eu-georgia/?utm_source=dsms-auto&utm_medium=email&utm_campaign=Joint+press+release+following+the+second+Association+Council+meeting+between+the+European+Union+and+Georgia