საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველომ გადადგა „ძალიან პოზიტიური ნაბიჯები“ ვიზების ლიბერალიზაციისკენ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-11

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველომ გადადგა „ძალიან პოზიტიური ნაბიჯები" ვიზების ლიბერალიზაციისკენ

თბილისი

2015 წლის 10 ნოემბერი

დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პირობების შესრულებაში, და გამოთქვა იმედი, რომ მალე საქართველოს მოქალაქეთათვის დაწესდება უვიზო რეჟიმი.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო მართლაც პოზიტიური წინსვლა. წინასწარ ვერ ვიტყვი, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროპული ინსტიტუტები წლის ბოლოს, მაგრამ ვხედავ ამ პროცესში პოზიტიურ ნიშნებს და ვთვლი, რომ ეს არის არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთელი ქვეყნის დაუღალავი შრომისა და ურყევი პოლიტიკური ნების შედეგი. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში პოზიტიური სიახლეები გველის", - განაცხადა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო „ძალ-ღონეს არ იშურებს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად" და რომ „[მთლიანობაში] ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელება არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. ეს ხელშეკრულება არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია საქართველოს ევროპულ მომავალში".

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა მჭიდრო და პოზიტიურ ორმხრივ ურთიერთობებს [საქართველოსა და ევროკავშირს შორის]: „[ასოცირების ხელშეკრულების] განხორციელების პროცესში ჩვენ შორის ჩამოყალიბდა ძალიან პოზიტიური პარტნიორობა". [საქართველოს] საშინაო პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ „აუცილებელია ამ დემოკრატიული მუხტის შენარჩუნება 2016 წელშიც" და რომ ევროკავშირი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან მოელის იმავე მაღალი სტანდარტების დაცვას, რომლებიც დაფიქსირდა წინა საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ჩვენი მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა თავისუფალი გარემოს, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ ამისთვის და სწორედ ამიტომაც ვართ აღიარებული ლიდერი მთელს რეგიონში".

იმავე დღეს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის მონახულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა: „ეს არის ევროკავშირის მხარდაჭერის კონკრეტული და თვალსაჩინო მაგალითი, რომელსაც ის უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი, რომ ამ პრინციპს არ გადავუხვევთ და კონკრეტული ქმედებებით რეალობად ვაქცევთ მას. გამოვთქვამ იმედს, რომ შეგვიძლია მთელს საქართველოში სტაბილურობისა და ურთიერთნდობის გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა მოახსენა ქალბატონ მოგერინის „[შესაბამის პროცესებში] პირადი მონაწილეობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მხარდაჭერისთვის". „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ჩამოყალიბებაში ევროპულ, დემოკრატიულ და სტაბილურ სახელმწიფოდ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.