საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-02

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ლიტვის, რუმინეთის და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ის პირდაპირი დიალოგი იყო, რომელსაც თბილისი მოსკოვთან აწარმოებს.
ძალიან კარგი და სასარგებლო საუბარი - ასე შეაფასა ზურაბ აბაშიძემ დიპლომატებთან შეხვედრა.

"ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პრობლემებია, რა პერსპექტივები არსებობს რთული საკითხების მოგვარების მიმართულებით, არის თუ არა რაიმე პროგრესი, რა არის მოსალოდნელი შეხვედრების შემდეგ ეტაპზე. საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს აღნიშნულის თაობაზე მათი მხრიდან და საკმაოდ კარგადაც არიან ინფორმირებულნი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან შეკითხვებიც ჰქონდათ.

დიპლომატები დაინტერესდნენ, როგორია ქართული მხარის მიდგომები, რა საკითხები განიხილება პირდაპირი დიალოგის ფორმატში, როგორ ესახება საქართველოს ხელისუფლებას ამ დიალოგის გაგრძელება და რამდენად არის ის დაკავშირებული იმ საკითხებთან, რომლებიც ჟენევაში განიხილება.

ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ლიტვის, რუმინეთის და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს, 2008 წლის ივლისის შემდგომ, პირველად ესტუმრნენ. დიპლომატები ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ეცნობიან.