საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს სასამართლოს რუსთავი-2-ის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისაკენ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-22

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოუწოდა სასამართლოს რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისაკენ. მინისტრმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ტელევიზია განაგრძობს მაუწყებლობას. გუშინ, პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში, წულუკიანმა აღნიშნა:

„საქართველოს მთავრობა არ აკონტროლებს მართლმსაჯულების სისტემას. ასე რომ, მოვუწოდებ სასამართლოს გამჭვირვალობის პრინციპის დაცვისკენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცესის დროულად დასრულებისკენ, რათა რუსთავი-2-ის ჟურნალისტებს მიეცეთ უფრო მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

მოხარული ვარ, რომ რუსთავი-2 განაგრძობს მაუწყებლობას. პლურალისტური მედიაგარემო არის ქართული რეალობისა და კულტურის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვერავინ დააყენებს საფრთხის ქვეშ. ჩვენ წარსულშიც გვქონდა პრობლემები, მაგრამ ჩვენ უკვე უზრუნველვყავით მედიის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში და მისი ხარისხი დღითიდღე იზრდება".