საქართველოს მთავრობა – სიახლეები

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ანგარიში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-14

   

კახეთის რეგიონში აგვისტო-სექტემბერში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროცესს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

გიორგი ამაშუკელმა და ირაკლი შიოლაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის ჯამურად 5 მილიონი ლარამდე გამოიყო. ლაგოდეხის, ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 1 900 საცხოვრებელი სახლის სახურავი მოეწყო, რომელთაგან 1 235 - ნაწილობრივ, ხოლო 645 სახლი სრულად გადაიხურა.

დაზიანებულ სახლებზე გადახურვის მასალების დაახლოებით 90 პროცენტს საექსპლუატაციო ვადა გასული ჰქონდა, რის გამოც, თუნუქის/შიფერის გარდა, სახურავის ხის კონსტრუქციებიც გამოიცვალა.

სამუშაოები ძირითადად ადგილობრივმა სამშენებლო კომპანიებმა და 400-მდე ადგილობრივმა მოსახლემ შეასრულა.