საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობას ახალი მრჩეველი ჰყავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-24

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ ო'ბოილი დაინიშნა.

მაიკლ ო'ბოილს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება (1990-2015). იგი ამ დრომდე იკავებდა სასამართლოს რეგისტრატორის პირველი მოადგილის თანამდებობას. 1973-77 წლებში ასწავლიდა საჯარო სამართალს ქუინსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი არის არაერთი სტატიის ავტორი და მრავალი გამოცემის თანაავტორი. 2015 წლის ივლისში ქუინსის უნივერსიტეტი აპირებს მაიკლ ო'ბოილს მიანიჭოს საპატიო დოქტორის (LLD) წოდება საჯარო სამსახურში შეტანილი წვლილისთვის.

მიმდინარე კვირის განმავლობაში მაიკლ ო'ბოილი შეხვედრებს მართავს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, იუსტიციის მინისტრთან, მთავარ პროკურორთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრის თანაშემწესთან ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანია საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმების შესახებ (პროკურატურის რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა) მეტი ინფორმაციის მიღება.

აღნიშნული ვიზიტი არის პირველი მაიკლ ო'ბოილისთვის საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის რანგში.