საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამომხმარებლო სესხები, სავარაუდოდ, ჩამოეწერება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-18

თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამომხმარებლო სესხები, სავარაუდოდ, ჩამოეწერება, - საბანკო სექტორის ეს ინიციატივა იყო დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც 7 კომერციული ბანკის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასა და თბილისის ვიცე-მერ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართეს.

შეხვედრაზე კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს სურვილი, განიხილონ გარკვეული შეღავათები და მათ შორის დაზარალებული პირებისთვის სამომხმარებლო სესხების პატიების თემა, რის შესახებაც თავად განაცხადებენ.
გარდა ამისა, საბანკო სექტორი სერიოზულ დახმარებას გეგმავს არა მხოლოდ სესხების, არამედ დედაქალაქის მერიისა და დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით.
„საბანკო სექტორი დაზარალებული მოსახლეობის სოლიდარობის მხრივ ერთიანია. დაზარალებული მსესხებლების 80-85 პროცენტი დადგენილია და ყველა ის შეღავათი, რომელიც შეიძლება იყოს ჩამოწერით დაწყებული, საბანკო სექტორის მიერ გამოყენებული იქნება", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ.

უკვე ცნობილია, რომ „ვითიბი" ბანკი დახმარებას ოთხჯერ, 209 000 ლარამდე ზრდის. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, ანალოგიური გეგმები აქვთ სხვა კომერციულ ბანკებსაც.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო იმ ფონდების განკარგვის საკითხი, რომელიც დღეს ბანკებში აკუმულირდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემუშავებული იყოს გამჭვირვალე მექანიზმი, რათა ყველა შემომწირველმა იცოდეს, რომ ყველა თეთრი მიზნობრივად დაიხარჯა დაზარალებული პირების საჭიროებებზე ან ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე", - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე, საბანკო სექტორს მხარდაჭერისთვის, პრემიერ-მინისტრის სახელით, ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა.