საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შსს-ს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იყო. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ის შენიშვნები და რეკომენდაციები განიხილეს, რაც ორგანიზაციებმა წინა შეხვედრისას შსს-ს რეფორმირების კონცეფციის გაცნობის შემდეგ მოამზადეს.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რომ შსს-ს რეფორმირება და შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციათა გამიჯვნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა აუცილებელია სამსახურებს შორის ფუნქციების მკაცრად გამიჯვნა და კანონპოროექტში არსებული რიგი საკითხების დაზუსტება, რათა კანონი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლეოდეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ხარვეზებზე, რაც მათი აზრით პროექტს გააჩნია.
,,მივესალმებით იმას, რომ ხდება შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურების გაყოფა, ასევე დადებითია, რომ უსაფრთხოების სამსახური ანგარიშვალდებული ხდება პარლამენტის წინაშე. თუმცა, არ უნდა მოხდეს ფუნქციათა დუბლირება და ფუნქციები უნდა იყოს ძალიან მკაცრად გამიჯნული '' - აღნიშნა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელმა ლიკა საჯაიამ.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, რომელიც შეხვედრის მოდერატორი იყო, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მთავრობის მიერ მომზადებულ რეფორმებსა და ცალკეულ ცვლილებებში და ხაზი გაუსვა მთავრობის მზაობას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სამომავლოდაც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევა ნიზორიას განცხადებით, არასამთავრობოების მიერ გამოთქმული შენიშვნების ნაწილი კანონპროექტში მთავრობისათვის წარდგენამდე აისახება, თუმცა ცვლილებებზე ერთობლივი მუშაობა და პროექტის დახვეწა გაგრძელდება როგორც საპარლამენტო განხილვებამდე, ისე განხილვების დროს. ,,ჩვენ ყურადღებით ვეცნობით თქვენს შეფასებებს. თქვენ მიერ წარმოდგენილი თითოეული შენიშვნა ან გათვალისწინებული იქნება, ან არგუმენტებზე დაყრდნობით იქნება უაროფილი," - განუცხადა დამსწრეებს იზორიამ. მისივე თქმით, შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის გამიჯვნა ამ სფეროში რეფორმის მხოლოდ საწყისი ეტაპია და სტრუქტურული ცვლილებები სამომავლოდაც ინტენსიურდ გაგრძელდება.