საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მუშაობის ანგარიში - www.mra.gov.ge ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, დავით დარახველიძემ, პროექტ „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში პრესკონფერენცია გამართა.

მინისტრმა პრესკონფერენცია დევნილთა განსახლების საკითხით დაიწყო და აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, სამინისტრომ 730 ბინა გადასცა დევნილებს. ასევე, 60 ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკარმიდამო ნაკვეთებთან ერთად შეუძინა. 1052 ოჯახს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. გარდა ამისა, სამინისტროს გამზადებული აქვს პროექტები დევნილთა განსახლებისთვის: თბილისში, ვარკეთილის ჩასახლებაში აშენდება თექვსმეტი 22 სართულიანი კორპუსი რომელშიც განთავსდება 4498 ბინა. კრწანისში (ფონიჭალის ჩასახლებაში)შენდება 8 კორპუსი -2130 ბინა, ხოლო ბათუმში 6 კორპუსი -1155 ბინა.

რაც შეეხება დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, 43 ობიექტს, დამოუკიდებლად ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები (სახურავის გადახურვა, კანალიზაცია და ა.შ.). აქედან 11 ობიექტს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა მერიასთან თანადაფინანსებით. ერთჯერადი დახმარება გაეწია 1186 ოჯახს, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 21 6072 ლარი (100 დან- 500 ლარამდე). ბინის ქირა გადაეცა-142 ოჯახს სულ 150 150 ლარის ოდენობით  (თითოეულ ოჯახს 100 დან-300 ლარამდე). ასევე, გამოზამთრების პროგრამა: 200 ლარიანი ვაუჩერი (გაზის ან ელ.ენერგიის) დაურიგდება 40 000 ორგანიზებულად ჩასახლებულ და თვითგანსახლებულ დევნილთა ოჯახებს.

მინისტრმა დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. რეგისტრაცია, ამ ეტაპზე, 120 000-ზე მეტმა დევნილმა გაიარა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხშირია ყალბი დევნილის მოწმობების მქონე პირთა გამოვლენის შემთხვევები.

პრესკონფერენციაზე, დავით დარახველიძემ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, განაცხადების მიღებაზეც ისაუბრა. განაცხადების მიღების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მინისტრის განცხადებით, ყვარლის ქუჩაზე მდებარე ობიექტისთვის სულ 1464 განაცხადია შემოსული და უახლოეს პერიოდში შერჩეულ 85 ოჯახს გადაეცემა ბინები, ყველა მონაცემი კი სამინისტროს ვებ. გვერდზე გამოქვეყნდება.

რაც შეეხება დევნილთა შესახებ ახალ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს დევნილთათვის შემწეობის გაორმაგებას და 45 ლარამდე გაზრდას, პროექტი შეთანხმებულია სხვა სამინისტროებთან და საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილვის შემდგომ, მთავრობის ინიციატივით გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში შემდგომი პროცედურების გასავლელად.

დავით დარახველიძე, ლტოლვილთა საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გასული წლის სექტემბრიდან დღემდე სამინისტროს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა 1152 უცხოელმა რაც დაახლოებით 20-ჯერ აღემატება წინა წლების მონაცემებს. განხილულ იქნა 855 საქმე საიდანაც თავშესაფარი მიენიჭა 65 პირს. რაც შეეხება რეპატრიაციას, სამინისტრომ დაასრულა 193 განცხადების განხილვა მუსულმანი მესხისთვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შესახებ, აქედან: 2013 წლის 7 მაისს სტატუსი მიენიჭა 189, ხოლო 2013 წლის 5 ივლისს უარი ეთქვა 4 განმცხადებელს.

მინისტრი ასევე შეეხო აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროექტს. ქართულ-აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა და ამუშავდა. ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი წელიწადში ორჯერ ხვდება ერთმანეთს. 2013 წელს, წითელი ჯვრის დახმარებით მოხდა 2 ცხედრის იდენტიფიცირება და აფხაზეთიდან გადმოსვენება.

წყარო: http://mra.gov.ge/main/GEO#readmore/1210