საქართველოს მთავრობა – სიახლეები

აშშ-ს მთავრობამ საქართველოს 140 მლნ დოლარის 5-წლიანი პროგრამა დაუმტკიცა

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (MCC) საქართველოს 140 მლნ დოლარის 5 წლიანი პროგრამა დაუმტკიცა, რომელიც ქვეყანაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში განვითარებას მოხმარდება. მეორე კომპაქტი, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს 2013 წლის ზაფხულში, შედგება სამი პროექტისგან:

• ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი - მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას სკოლების რეაბილიტაციის, პედაგოგთა და სკოლის ხელმძღვანელთა მომზადების გზით და საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერას.

• სამრეწველო უნარ-ჩვევების და სამუშაო ძალის განვითარების პროექტი, მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ტექნიკური უნარების მქონე საქართველოს მოქალაქეებით.

• STEM-ის უმაღლესი განათლების პროექტი, რომლის მიზანია ერთი ან მეტი ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორების მოზიდვა მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკური განათლების მოდერნიზების მიზნით და მაღალი ხარისხის პროგრამების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის გაზრდასა და განვითარებას.

MCC-ის მეორე კომპაქტი ათასწლეულის გამოწვევის საქართველოს ფონდმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მოწვევით, საქართველოში ბიზნეს საზოგადოებას წარუდგინა. აღნიშნული პრეზენტაციის მიზანი იყო კომპაქტის ხელმოწერისა და დაწყების მოსამზადებელი ეტაპის კუთხით მიღწეული პროგრესის წარმოჩენა. აღნიშნულ პრეზენტაციას საქართველოს 100-ზე მეტი უმსხვილესი კომპანია ესწრებოდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკ-ნიკოლასი და MCA-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ზურაბაშვილი.

"ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს მოქალაქეთა უზრუნველყოფა იმ განათლებითა და უნარებით, რაც მათ სჭირდებათ მოდერნიზებულ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა და აღნიშნა, რომ "წინამდებარე კომპაქტი გააძლიერებს საქართველოში არსებულ სასწავლო, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ისე, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ის უნარები, რაც პირდაპირ კავშირშია მრეწველობასთან, რომელიც იწვევს ეკონომიკურ ზრდას. უკეთესად განათლებული მუშახელი დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, განამტკიცებს დემოკრატიულ თანამონაწილეობას და გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას - გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი სავაჭრო პარტნიორი."

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საბჭომ 2011 წლის იანვარში საქართველო აირჩია მეორე კომპაქტის განვითარებაზე უფლებამოსილად. 2011 წლის აპრილში ქვეყანამ წარმატებით დაასრულა 395.3 მლნ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი კომპაქტი.

წყარო:
http://mof.ge/News/5257
http://mes.gov.ge/content.php?id=4695&lang=geo