საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პანდუსი გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2

დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა გახსნეს.

„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ სწორედ აქ, მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბეთ ამ ძალიან სასარგებლო, საჭირო და ჰუმანური სიახლის აღსანიშნავად. დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გაცილებით ადვილი იქნება მთავრობასთან კომუნიკაცია. მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ, მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ყველა საჯარო დაწესებულებაში შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ადაპტაციისათვის შესაბამისი პირობები და მათ აღარ ექნებათ გადაადგილებისა და კომუნიკაციის პრობლემა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა კმაყოფილება გამოთქვა იმ პროგრესის გამო, რასაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. "აშშ-ის მთავრობა ამაყობს იმით, რომ მხარს უჭერს საქართველოში კერძო და საჯარო სექტორის ძალისხმევას, რომ ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ფიზიკური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვას. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა იყოს უფრო მეტი სიმბოლო საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების მიმართ გამოხატული, ვიდრე ეს პანდუსი, რომელსაც დღეს ვხსნით", - განაცხადა ნულანდმა.

პანდუსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, ამერიკის ელჩი საქართველოში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა