საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორს ხელშეკრულება გაუგრძელდება ამოსაბეჭდი ვერსია

 

ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭოს მიიღო. მიღწეულია მოლაპარაკება მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე. აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო სპონტანურად, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების გარეშე. ს/ს საქართველოს რკინიგზამ საკონსულტაციო კომპანიის MC Mobility მეშვეობით შეისწავლა პროექტის ამ ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. დადგინდა, რომ უარესდება როგორც საოპერაციო ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები, მცირდება გამტარუნარიანობა (სატრანზიტო სიმძლავრე). ამასთან, პროექტის ასეთი ფორმით განხორციელება იწვევს მაღალ ბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რაც გათვალისწინებული არ არის არსებული პროექტის ბიუჯეტში. კონტრაქტორის (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო) მიერ ვერ იქნა დაცული მშენებლობის შესრულების ვადები, შედეგად სამუშაოების დამთავრების თარიღისთვის (2013 წლის 8 ივნისი) კონტრაქტორს ჰქონდა 18 თვიანი ჩამორჩენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკურმა საბჭომ მიიჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს შემოვლითი რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საპროექტო საინჟინრო კვლევები. უახლოეს მთავრობის სხდომა იმსჯელებს ხელშეკრულების ვადის 3 წლით გაგრძლების შესახებ.


კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც 4 დეკემბერს გამართულ საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს შეეხებოდა. საუბარია სს „საქართველოს რკინიგზის" მიერ განსახორციელებელ თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტზე, რომლის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი".

საპროექტო გადაწყვეტილების მიხედვით, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბი (8350მ.) წარმოადგენს ერთლიანდაგიან სარკინიგზო ხაზს, მაშინ როდესაც არსებული რკინიგზა ამ მონაკვეთზე ორლიანდაგიანია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ერთლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის შექმნით სატვირთო გამზიდუნარიანობა არათუ იზრდება არამედ მნიშვნელოვნად იზღუდება. მშენებლობის ზედამხედველის მიერ (ILF Consulting Engineers) წარმოდგენილ იქნა წინადადება პროექტის გაუმჯობესების თაობაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია არსებულ პროექტში ძირეული ცვლილების განხორციელებით, კერძოდ ქვიშხეთი-ზვარეს მონაკვეთზე მეორე გვირაბის მშენებლობით სატვირთო გამზიდუნარიანობის 100 მილიონ ტონამდე გაზრდა, ამასთან მშენებლობისათვის გასაწევი ხარჯების 1.6 მლნ. CHF-ით დაზოგვა. ზემოხსენებული ცვლილებით ამაღლდება სატრანზიტო დერეფნის მდგრადობა, სარკინიგზო ხაზის უსაფრთხოება - 120%-ით გაიზრდება ტვირთის გამზიდუნარიანობა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური