საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი შშმპ-თა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა - მიმართვის ტექსტი ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

პრემიერ-მინისტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა შშმპ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება სასტუმრო "რედისონში" კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მოკლედ შეაჯამეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული პოლიტიკა და განხორციელებული პროგრამები, ასევე იმსჯელეს შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორციელების გზებზე.
როგორც სიტყვით გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დამოკიდებულება არის ის სფერო, რომლითაც ყველაზე მკაფიოდ ჩნდება, რა გზას ადგას სახელმწიფო.
"მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა აქტიური მონაწილეობით მომზადდა და უახლოეს დღეებში დამტკიცდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, სადაც გათვალისწინებულია კონვენციის პრინციპები და ვალდებულებები. კერძოდ, ცნობიერების ამაღლება, ხელმისაწვდომობა და ინდივიდუალური მობილურობა, აზრისა და შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, აბილიტაცია და რეაბილიტაცია, შრომა და დასაქმება, სოციალური დაცვა, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, კულტურულ, რეკრეაციულ, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, სტატისტიკა და მონაცემთა შეგროვება, აგრეთვე მონიტორინგის საკითხები,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური