საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №454

ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე" ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

1. „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი და პირობები" (დანართი №1).
2. „უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი" (დანართი №2).

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), ამ დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების საფუძველზე, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და/ან მის სისტემაში შემავალმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა (სსიპ - შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური), საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და/ან მის სისტემაში შემავალმა ადმინისტრაციულმა ორგანომ (სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქმედითი დახმარება გაუწიონ და მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია (მონაცემი) სააგენტოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია ამ დადგენილების მიზნებისთვის გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ასიგნების გათვალისწინების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლი¬ლებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების შედეგად, დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
გ) საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში გაითვალისწინოს ამ დადგენილების შესრულებისათვის საჭირო ხარჯები.
5. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო საქონლისა და/ან მომსახურების შესყიდვა სააგენტომ განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდ¬ვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
6. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით „სოციალური დახმარებების" პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 02 02) გამოყოფილი ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს - სოციალური დახმარებების პროგრამისათვის გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებებიდან
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 28 ნოემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი



დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2012 წლის 28 ნოემბრის
№454 დადგენილებით
დანართი №1


ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი და პირობები

მუხლი 1
1. ეს წესი განსაზღვრავს „კერძო და/ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებში უკანონოდ მყოფ პირთა აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის №1915 განკარგულების (შემდგომში - განკარგულება) საფუძველზე, 2012 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აღრიცხული ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური დახმარების ოდენობას, სოციალური დახმარების გაცემის წესსა და პირობებს და მათთან დაკავშირებით გასატარებელ სხვა ღონისძიებებს.
2. ამ წესით გათვალისწინებული სარგებელი გაიცემა სოციალური დახმარების სახით და ის არ გაითვალისწინება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ან რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის (შინამეურნეობების) შეფასების დროს.

მუხლი 2
1. ამ წესის მიზნებისათვის ოჯახს წარმოადგენს განკარგულების საფუძველზე განსაზღვრული და აღრიცხული ოჯახი, თუ:
ა) ოჯახის არც ერთი წევრი არ ცხოვრობს (არ არის რეგისტრირებული) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში ან დევნილთა იმ კერძო განსახლების ობიექტებში, რომლებსაც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი მოეხსნათ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის 11 მუხლის „ი" და „კ" ქვეპუნქტების საფუძველზე (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით);
ბ) ოჯახის არც ერთ წევრს სახელმწიფოსაგან ან კერძო ინვესტორისაგან არ მიუღია ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ, ან ოჯახის არც ერთ წევრს პრივატიზების პირდაპირი მიყიდვის ფორმით არ აქვს დაკანონებული საცხოვრებელი ფართობი (საქართველ¬ოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით);
გ) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ოჯახის არც ერთ წევრზე არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართობი (ბინა);
დ) ოჯახის ყველა წევრის ერთობლივი შემოსავალი საშუალოდ, თვეში, 2012 წლის განმავლობაში, 193 ლარზე ნაკლებია. ერთობლივ შემოსავალში არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შემდეგი სოციალური დახმარებები: საარსებო შემწეობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურება, რეინტეგრაციის შემწეობა და დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ოჯახების განსაზღვრას უზრუნველყოფს სააგენტო, თავის ხელთ არსებული და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე.

მუხლი 3
1. სააგენტოს მიერ ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად დამუშავებული ოჯახების შესახებ ინფორმაციას განიხილავს უწყებათაშორისი კომისია.
2. უწყებათაშორისი კომისია სააგენტოს მიერ წარდგენილი მონაცემებისა და კომისიის წევრთა მიერ მოპოვებული დამატებითი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვის შედეგად თითოეულ ოჯახთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების სახით ფულადი გასაცემლის გაცემის თაობაზე.

მუხლი 4
1. ამ წესის მიზნებისათვის სოციალური დახმარება წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ერთჯერადი, დროებითი ხასიათის ფულად გასაცემელს, რომელიც გაიცემა ოჯახზე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება ოჯახის მიერ სპეციალური განცხადების ფორმით სააგენტოში მომართვის შემთხვევაში.
3. სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში. სოციალური დახმარების პირველი გაცემა განხორციელდება უწყებათაშორისი კომისიის მიერ დაკმაყოფილებული ოჯახის წერილობითი განცხადებით სააგენტოში მომართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. სოციალური დახმარების ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 200 ლარს.
5. უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალური დახმარების გაცემის თაობაზე სააგენტოს მხრიდან დამატებით შესწავლას და/ან გადახედვას არ ექვემდებარება.
6. სააგენტო ვალდებულია, უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის მხრიდან წერილობითი მომართვის შემთხვევაში, თითოეულ ოჯახზე გასცეს სოციალური დახმარება.
7. ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის და/ან ოჯახის წევრთა შემადგენლობის ცვლილება გავლენას არ ახდენს სოციალური დახმარების ოდენობაზე და/ან მის გაცემაზე.
8. სააგენტო არ არის უფლებამოსილი დამატებით გადაამოწმოს ოჯახი, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სოციალური დახმარების გაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ადგილი აქვს სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალებას;
ბ) წარმოდგენილია ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის განცხადება სოციალური დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში სოციალური დახმარება განმეორებით აღარ ინიშნება.

მუხლი 5
1. სოციალური დახმარების გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ საბანკო დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
2. სოციალური დახმარების გასაცემად სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს/ისარგებლოს იმ საბანკო დაწესებულების მომსახურებით, რომელთანაც უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხვა სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის გაცემის მიზნით.
3. სოციალური დახმარება გაიცემა ოჯახის იმ წევრის სახელზე უკვე არსებულ ანგარიშზე, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი სხვა სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის მიმღებს. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის მიმღები არის ერთზე მეტი წევრი, სოციალური დახმარება გადაერიცხება სააგენტოს მიერ პირობითად შერჩეულ ნებისმიერ ასეთ წევრს. ოჯახი უფლებამოსილია მოითხოვოს სოციალური დახმარების გაცემა თავის მიერ გახსნილ სხვა ანგარიშზე.
4. თუ ოჯახის არც ერთი წევრი არ წარმოადგენს სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი სხვა სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის მიმღებს და არც ოჯახის მხრიდან განხორციელდება საბანკო ანგარიშის წარმოდგენა, სააგენტო ვალდებულია, სოციალური დახმარების ადმინისტრირებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, გაუხსნას ანგარიში ოჯახის იმ წევრს, რომელიც სოციალური დახმარების დანიშვნის მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს.
5. გაცემული (გადარიცხული) სოციალური დახმარება ეკუთვნის მთლიანად ოჯახს და მის მიზნობრივ გამოყენებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ოჯახი.

 



დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2012 წლის 28 ნოემბრის
№ 454 დადგენილებით
დანართი №2

უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

მუხლი 1. ეს წესი ადგენს №1 დანართით განსაზღვრულ ოჯახთათვის სოციალური დახმარების განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის პირობებს.

მუხლი 2
1. უწყებათაშორისი კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
3. უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მოადგილე.
4. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, ნიშნავს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები.
5. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.

მუხლი 3
1. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობისათვის სააგენტო ვალდებულია კომისიას მიაწოდოს №1 დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები და ოჯახ(ებ)ის შესახებ მოპოვებული დამატებითი მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. უწყებათაშორისი კომისია მიღებულ მასალებზე, ასევე კომისიის წევრთა მხრიდან დამატებით მოპოვებულ მასალებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას თითოეული ოჯახისათვის სოციალური დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
3. უწყებათაშორისი კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება დაუშვებელია.
4. იმ შემთხვევაში, თუ უწყებათაშორისი კომისიის წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია გააფრთხილოს კომისიის მდივანი, რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდის თავმჯდომარეს.
5. უწყებათაშორისი კომისიის წევრი გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)-ის სხდომაზე განხილვის საფუძველზე. კომისიის წევრს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღებისას. კომისიის წევრი არ არის ვალდებული დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია ოჯახთან დაკავშირებით სოციალური დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.
6. უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიური წესით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

მუხლი 4
1. უწყებათაშორისი კომისიის სხდომები და მიღებული გადაწყვეტილებები კონკრეტული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და მდივანი. უწყებათაშორისი კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს კომისიის სხდომის ხელმოწერილი ოქმი.
2. უწყებათაშორისი კომისიის მდივანი ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის სხდომის ოქმს. ხელმოწერილი სხდომის ოქმის დამოწმებული ასლ(ებ)ი და კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი მასალები ეგზავნება (უბრუნდება) შესაბამის სააგენტოს.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ოჯახების ინფორმირებას სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.

მუხლი 5
უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.