საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №448

შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური
დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ


მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრემიერ მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ხათუნა გოგოლაძე - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
დავით ნარმანია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
კახაბერ საკანდელიძე - დასაქმების სახელმწიფო მინისტრი
დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
გია ჟორჟოლიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი (მოწვეული წევრი)
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი 2. კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერიოდულად წარადგინოს ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სა-კითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.

მუხლი 3. დამტკიცდეს შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი

 

 

 

 

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2012 წლის 19 ნოემბრის
№ 448 დადგენილებით


შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური
დიალოგის საკითხთა კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია (შემდგომში - კომისია) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დროებითი კომისია, რომელიც იქმნება ქვეყანაში ზოგიერთ მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლის, შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის ხელშესაწყობად.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყანაში ზოგიერთ მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლა, აღნიშნული პრობლემების წარმოშობის მიზეზების გამოკვლევა და შესაბამისი ანალიზი;
ბ) დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით მხარეთა მორიგების ხელშეწყობა და მათ შორის შრომითი ურთიერთობების აღდგენისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ) შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება და, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით, მოაწყოს დასაქმებულთა და დამსაქმებლებთან შეხვედრა, საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით წარმართოს მათთან დიალოგი, გამოიკვლიოს დასაქმებულთა მიერ შრომითი ვალდებულებების დროებით შეჩერების მიზეზები;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დამსაქმებლის თანხმობით გაეცნოს და შეისწავლოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები მხარეთა მორიგებისა და შრომითი ურთიერთობების აღდგენის მიზნით;
დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების და¬ინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;
ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნას სამუშაო ჯგუფები.

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

მუხლი 5. კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში -კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.