საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 25 ივნისის მთავრობის სხდომა

2012 წლის 25 ივნისის მთავრობის სხდომა2012 წლის 25 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 60 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პროფესიული განათლების პროგრამის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. დაიწყო სპეციალური დაფინანსების პროგრამის მეორე ტალღა, რომელიც წელს დავნერგეთ. ეს ეხება პროფსასწავლებლების გადამზადების კურსებს. პირველი ტალღა იყო მარტ-აპრილში, მეორე ტალღა ახლა მიმდინარეობს და 1-ელ ივლისს მთავრდება. მესამე დაიწყება სექტემბერში.

ეს (პროგრამა) არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სამსახურს ეძებს, ვისაც უნდა რომ პროფესია შეიძინოს, ვისაც უნდა გადამზადების კურსები გაიაროს. ნებისმერ ამ ადამიანს შეუძლია მივიდეს განათლების სამინისტროს სპეციალურ ოფისებში, მიიღოს 1000 ლარიანი ვაუჩერი და შემდეგ აირჩიოს ნებისმიერი პროფსასწავლებელი, სადაც გადამზადება უნდა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელიც წელს იმისათვის დავნერგეთ, რომ უმუშევრობა შევამციროთ, რომ ეკონომიკას ახალი მუშაძალა შევძინოთ. პირველი ტალღა წარმატებული იყო.

1-ელ ივლისამდე გაიცემა 1500 ვაუჩერი, დანარჩენი ანუ ვისაც ეს ვაუჩერი არ შეხვდება იქნება მომლოდინე და დანარჩენ ვაუჩერებს უკვე სექტემბერში გადავანაწილებთ. საკმაოდ წარმატებული პროგრამაა. ქვეყნის მასშტაბით 18 სასწავლებელია და სექტემბრისთვის დამატებით 3 გაისნება. გარდა ამისა კერძო სექტორიც გააქტიურდა და იქნება კერძო პროფსასწავლებლებიც, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სურს სამსახურის პოვნა და გადამზადება მოვუწოდებ, რომ 1-ელ ივლისამდე დარეგისტრირდნენ განათლების სამინისტროს სპეციალურ ოფისებში.

მე თვითონ ვნახე ერთ-ერთი ასეთი ცენტრი, რამდენიმე დღის წინ მე და დიმამ მოვინახულეთ. საკმაოდ კარგადაა გაკეთებული და მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობენ, 60-70%-ი ამ კურსდამთავრებულების სამუშაოს პოულობს პირველივე თვეში. საკმაოდ მაღალი ციფრია, და ამ 70 %-ს ვთვლით მხოლოდ და მხოლოდ კურსების დამთავრების პირველ თვეს.

საკმაოდ წარმატებული ინიციატივა გვაქვს. იგივე მიმართულებით შეიძლება უფრო მეტი თანხაც გამოვყოთ.

გარდა ამისა ერთიანი ეროვნული გამოცდები მზად არის. ამ კვირას, 28 ივნისს იწყება და გასტანს თითქმის მთელი ივლისი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებულია 35 ათასი ადამიანი. პარალელურად იქნება მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდები, სადაც დარეგისტრირებულია 39 ათასი მასწავლებელი. ყველას ვუსურვებ წარმატებას."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური