2011 წლის 28 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან ბიზნეს-ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა.
ჟურნალისტებთან ნიკა გილაურმა განაცხადა: „1 იანვარს ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში შევიდა. ამ კოდექსის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი პარლამენტთან შეთანხმებით საგადასახადო და ბიზნეს ომბუდსმენს ნიშნავს. გასული ერთი კვირის განმავლობაში კერძო სექტორთან და სხვადასხვა სამინისტროებთან კონსულტაციები მქონდა. განვიხილეთ ის კანდიდატურები, რომლებიც სხვადასხვა სექტორმა წარმოადგინა. ვფიქრობთ, რომ გიორგი პერტაიას კანდიდატურა მაინც ყველაზე უკეთესია, რომლის კანდიდატურა დღეს დათო ბაქრაძესთან ერთად განვიხილეთ. საზოგადოებას ბიზნეს ომბუდსმენის პოსტზე გიორგი პერტაიას კანდიდატურა მინდა წარვუდგინო.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან (გ.პერტაიამ) გააგრძელოს ის მუშაობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო. მოგეხსენებათ, გიორგი კერძო სექტორთან ძალიან ახლო ურთიერთობაშია და ადრეც ამ მიმართულებით მუშაობდა. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. წარმატებებს ვუსურვებ მის საქმიანობაში."
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური