საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №420

„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის N126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის N126 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 18.03.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით მისაღები ქონების ღირებულება აღემატება ასი ათას ლარს, გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე განსახილველად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით.".

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11
საქართველოს სამინისტროებმა გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ შემდეგი:

1. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით.

2. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინასწარი თანხმობით.

3. საქართველოს სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დამტკიცებული ასიგნებების 1%-ს.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური