საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №416

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N181 დადგენილებაში (სსმ, 80, 06/07/2010) და ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის" დებულების: 

1. მე-4 მუხლს დაემატოს „დ1" ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ1) განახორციელოს საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სხვა სახელმწიფოში რეგისტრაციისა და დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები იმ შემთხვევაში, თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფი-ული აღნიშვნის „საქპატენტში" რეგისტრაციისას განმცხადებელი არის საჯარო ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი;".

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „საქპატენტის" შემოსავლები გამოიყენება მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული, „საქპატენტის" მიერ განსახორციელებელი სხვა მიზნების შესასრულებლად.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური