საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №398

„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008" - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის N107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008" - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის N107 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, მუხლი 696) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესების შემთხვევაში ან ინტერესთა გამოხატვის შედეგად ამ პროგ¬რამით განსაზღვრული პირობების თანახმად ფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა" (ესკო) და შესაბამის პირს შორის (შემდგომში - მემორანდუმი), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაბამისი პირი უარს აცხადებს სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან" (ესკო) წინასწარ გასაფორმებელი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ასეთ შემთხვევაში მემორანდუმი ფორმდება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის პირს შორის. მემორანდუმი არის მხარეთა შეთანხმება თანამშრომლობის თაობაზე.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური