საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №386

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:  

1. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნების დაწესება

1. წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარგებლობაში, წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს. წიაღით სარგებლობის ობიექტებს უწესდებათ შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნი. გადაწყვეტილებას წიაღით სარგებლობის ობიექტისათვის შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს ლიცენზიის გამცემი.

2. დაწესებული მიწის მინაკუთვნი სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება), როგორც წიაღის ფონდის მიწები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებული წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის დაწესებული მიწის მინაკუთვნის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ლიცენზიის გამცემის მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.".

2. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე 9 და მე-10 პუნქტები:
„8. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან ერთად განახორციელოს წიაღის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელი შესწავლის შედეგად გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესწავლის მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას.

9. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სტადიაზე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის გაზრდა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების ფარგლებში.

10. ამ მუხლის მე 9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს განსხვავებული გადასახდელი თანხის ოდენობა.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური