საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №383

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ" და „ჩ" ქვეპუნქტები:
„შ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი;
ჩ) სამინისტროს სამდივნო (სამმართველო).".

2. მე-7 მუხლის 21 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 „ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;". 

3. მე-9 მუხლში:  

ა) „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 „ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი - წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო სარგებლობის ფორმებითა და უსასყიდლოდ მართვის უფლებით გადაცემის შესახებ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვა (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილებისა); წინადადებათა მომზადება საერთო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ; წინადადებათა მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციის, გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვის, საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში, საწარმოების კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებების წარდგენა, აგრეთვე ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის შესახებ წინადადებების მომზადება, სახელმწიფო ორგანოებისა და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ წინადადებების მომზადება; სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო სარგებლობის ფორმებითა და უსასყიდლოდ მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო სარგებლობის ფორმებითა და უსასყიდლოდ მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო ფორმებით სარგებლობაში ან/და უსასყიდლოდ მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა;"; 

ბ) „ზ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 „ზ) იურიდიული დეპარტამენტი - სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და შესაბამის ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, უშუალოდ, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება; სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდი¬ნაცია; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან; მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს სახელით დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სახელმწიფო ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან/და მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ვიზირება და შესაბამისი დეპარტამენტისათვის ხელმოსაწერად წარდგენა;"

გ) „თ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) - საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შესულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;";

დ) „ჟ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 „ჟ) პრივატიზების დეპარტამენტი - წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებით და დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების შესახებ; წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების ფორმისა და პირობების შესახებ; პოტენციურ შემძენებთან მუშაობა და პრივატიზების ხელშეწყობა; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, აგრეთვე სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებათა წარდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხთა განხილვა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წინადადებათა მომზადება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე; პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა), ლიკვიდაციის, გაკოტრების, საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვა და მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების თაობაზე, დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა; თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მოქალაქეთათვის ზეპირი განმარტებების მიცემა; სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინდი-ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა; წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებითა და სასყიდლით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ; სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებითა და სასყიდლით მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებითა და აუქციონის ფორმით მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი ფორმებით სარგებლობაში ან/და სასყიდლით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა;"; 

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ" და „ჩ" ქვეპუნქტები:
„შ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი - სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში კონტრაჰენტებზე გადაცემული სახელმწიფო ქონების კომისიური წესით ადგილზე დათვალიერება; სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ან/და კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში სათანადო დასკვნის მომზადება; ასევე დამრღვევ პირთა მიმართ საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, კანონით დადგენილი წესით; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტისა და პრივატიზების დეპარტამენტთან შეთანხმებით ხელშეკრულებების მოშლის თაობაზე დასკვნების ან/და წინადადებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა; სახელმწიფო ქონების მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (ნაკისრი ვალდებულებები, საქმიანობის პროფილი, განსახორციელებელი ინვესტიცია და სხვ.) შესრულების თაობაზე, მათი სპეციფიკურობის მიზნობრიობისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე, სახელ-შეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე მინისტრის სახელზე წინადადების მომზადება; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე კონტრაჰენტის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების დადას¬ტურების თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის დავალებით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემოწმების მიზნით დამატებითი აუდიტის ან/და საექსპერტო დაწესებულების მიერ სათანადო დასკვნის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ჩ) სამინისტროს სამდივნო (სამმართველო) - მინისტრისა და სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომების, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება, ოქმების წარმოება; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის ორგანიზაციულ ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 10 ოქტომბრიდან.


პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური