საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფთან ორდღიანი სამუშაო განხილვა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-20

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში - PAR 2" მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 19-20 აპრილს, საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საბჭოს სამუშაო ჯგუფთან ორდღიანი სამუშაო განხილვა გაიმართა.

შეხვედრაზე პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს - სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავების სიტუაციის ანალიზის ეტაპის შედეგები - პრობლემის ხე და ლოგიკური ჩარჩო (სამუშაო ვერსია) წარედგინათ. ამასთან, სამუშაო ჯგუფის წევრებმა რეფორმასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ხედვები და რეკომენდაციები განიხილეს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტები.

ორდღიანი სამუშაო განხილვის პირველ დღეს მხარეებმა განიხილეს PAR-ის ორი მიმართულება - პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია და ანგარიშვალდებულება, ხოლო მეორე დღეს საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებებზე იმსჯელეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. საჯარო მმართველობის რეფორმის სამდივნომ შეხვედრაზე მიღებული უკუკავშირი და რეკომენდაციები ექსპერტებთან ერთად განიხილა, რის შემდეგაც პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიები შესაბამისად განაახლა. შეხვედრებზე წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი PAR ახალი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში იქნება გათვალისწინებული.