საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ნათია მეზვრიშვილი - საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და სახელმწიფოს მიერ მოხსნილი შეზღუდვებით გაჩენილი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში   ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-15

ჩვენ  დღეს  მივიღეთ დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება, ისევე როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მან ისაუბრა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც დღეს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილებები. 
„12 ივლისს პარლამენტმა მიიღო დადგენილება პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით, გარკვეულ ადგილებში, კერძოდ, დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო დადგენილება, რომელშიც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული პირბადის ტარების წესი. ჩვენ ეს დადგენილება დღეს მივიღეთ,  რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება, ისევე როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო. ზოგიერთი ჯგუფის, ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე, დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, კერძოდ ამ ადამიანებს პირბადის არ ტარების შემთხვევაში, არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა“, -  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, პირბადის ტარება სავალდებულოა ისეთ დახურულ სივრცეებში, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია. 
„კერძოდ, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში“, „ფრონტ“ ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტი შეხებაა მოქალაქეებთან და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, მაგალითად: უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, თუ შეუძლებელი იქნება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ასევე, შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს, შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე - გამოსვლისას, მოხსენებისას, პრეზენტაციისას, მაგალითად, ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები, ჩვენ ახლა შეგვიძლია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, ამიტომ მე მოვიხსენი პირბადე. ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, ესენიც გახლავთ მაღალი რისკის შემცველი დახურული სივრცეები, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქაც რისკი მაღალია. აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, არა მხოლოდ მთავრობის დადგენილებაში, არამედ კანონშიც პირდაპირაა მითითებული საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით და აქ იგულისხმება მათ შორის მეტროპოლიტენი, ტაქსები. აგრეთვე, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს და ამ გათვალისწინებულ შემთხვევებშიც, სადაც ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობები, პირბადის ტარება იქნება სავალდებულო,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე განმარტა, რა შემთხვევებში არ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება. მან ხაზი გაუსვა, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, გათვალისწინებულია  შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები.
„პირბადის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება. ეს ყველაფერი დეტალურად იქნება მითითებული მთავრობის დადგენილებაში. ასევე, არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება, სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის, კონკრეტული სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება“, -  აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. 
მისივე თქმით, სავალდებულო წესზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. 

ნათია მეზვრიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა  ტესტირებასთან დაკავშირებით და ისაუბრა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. 
„სახელმწიფო ისედაც ახორციელებდა, თუმცა, ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოებთ მიზნობრივ ტესტირებას, კიდევ უფრო ვაფართოებთ იმ  ჯგუფებს, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და რომლებიც ეტაპობრივად დაექვემდებარებიან ტესტირებას. მათ ჩაუტარდებათ ტესტირება გარკვეული ეტაპების დაცვით და ეს წრე, იმ პირების და იმ ჯგუფების, რომლებიც ტესტირებას დაექვემდებარებიან, სულ უფრო და უფრო გაფართოვდება, იქნება მზარდი“, -  აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

მან ყურადღება გაამახვილა შიდა ტურიზმის გახსნაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობდა დარგის სპეციალისტებთან ერთად იმაზე, რომ შიდა ტურიზმის გახსნისთვის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული. 
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში საკარანტინო რეჟიმი დღეიდან მოიხსნება. 
„ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას, აქ მოგეხსენებათ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს და ეს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, სოფელ გეტაში, დღეიდან მოიხსნება“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. 
ნათია მეზვრიშვილმა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ვირუსი არსად წასულა. 
„879 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, 704 გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავს და სამწუხაროდ, 14 გარდაცვლილი. როგორც ხედავთ, ვირუსი არსად წასულა, ამიტომ გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და სახელმწიფოს მიერ მოხსნილი შეზღუდვებით გაჩენილი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში, ვიყოთ ფრთხილად“, -  განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური