საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგია სამუშაო ჯგუფმა განიხილა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-08

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შემუშავებულ საკომუნიკაციო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა.

საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოს მთავრობის ერთიანი საკომუნიკაციო ჩარჩოს შექმნა, რომლის ფარგლებშიც კომისიაში შემავალი უწყებები თემატურ ღონისძიებებს დაგეგმავენ და განახორციელებენ. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ერთიანი სახელმწიფო ხედვისა და მიდგომების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებების მიერ კოორდინირებულ, შედეგებზე ორიენტირებულ მუშაობას და უფრო ეფექტიანს სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ძალისხმევას.

საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უწყებათაშორისი კომისიის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

სამუშაო ჯგუფის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ეროვნული კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი. ჯგუფის მუშაობას ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია. შეიქმნა და დაიხვეწა შესაბამისი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები და საკანონმდებლო ჩარჩო, გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები. მიუხედავად აღნიშნული პოზიტიური ცვლილებებისა, 2017 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მაღალია საზოგადოების მიმღებლობა ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ, რაც ძალადობის შემთხვევების გამოვლენასა და შემცირებას ართულებს.

შესაბამისად, კვლევის შედეგებზე დაფუძნებული ღონისძიებების დაგეგმვისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან გაერთიანებული, კოორდინირებული მუშაობის მიზნით, შეიქმნა უწყებათაშორისი საკომუნიკაციო ჯგუფი, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება იგეგმება.