საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი ეროვნულ პრიორიტეტად განისაზღვრა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-24

1  2

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის დოკუმენტი დაამტკიცეს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის, ნილს სკოტის ხელმძღვანელობით გაიმართა.

გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 98 ამოცანა ეროვნულ პრიორიტეტად განისაზღვრა. ამასთან, დადგინდა ამოცანების შესრულების ინდიკატორები 2020, 2025 და 2030 წლებისთვის. დოკუმენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს - სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესება, თანასწორობის ხელშეწყობა, ქალაქების მდგრადობა, კლიმატური ცვლილებების დამარცხება, ოკეანეებისა და ტყეების დაცვა, ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა.

საბჭოს სხდომაზე დაკომპლექტდა 4 თემატური სამუშაო ჯგუფი, რომლებიც სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური კეთილდღეობის, კარგი მმართველობის, მდგრადი ენერგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებებზე იმუშავებს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს ქვეყნის შიდა პოლიტიკის და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციაზე განათლების, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის, სოფლის მეურნეობის, გენდერის, გარემოს დაცვის, ღია მმართველობის და ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროებში. 

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოს მთავრობის რეფორმების განუყოფელი ნაწილია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის და პრიორიტეტიზაცია 2015 წლიდან დაიწყო. სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციის შედეგად, განისაზღვრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შიდა პრიორიტეტები. გაეროს ქვე-მიზნებზე კი, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, შემუშავდა საბაზისო ინდიკატორები, რაც მიღწეული პროგრესის გაზომვისა და მიზნის შესრულების შეფასების შესაძლებლობას ქმნის.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს პირველ სხდომას სასტუმრო „რედისონში" სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საბჭო, რომლის მუშაობაში ჩართულნი არიან სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგის მძლავრ პლატფორმას წარმოადგენს.