საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა მელანი ვერვეერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-20

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე გენდერულ საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს, მელანი ვერვეერს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოქმედ სხვადასხვა ინსტიტუციურ მექანიზმებს, მათ შორის გენდერული თანასწორობის საკითხებს.
მხარეებმა ისაუბრეს ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ.
სოფო ჯაფარიძემ მელანი ვერვეერს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების არსებულ სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე.
მხარეებმა განიხილეს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიკაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ადრეული ქორწინების, ძალადობის მსხვერპლთა საზოგადოებაში ინტეგრირების, მსხვერპლთა კომპენსაციის თემებზე.
შეხვედრის დასასრულს, სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე და მათი პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.