საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-11

მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 48-ე ადგილზე მყოფი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა. შეხვედრას საქართველოში ვიზიტით მყოფი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ გოტშალდი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი, თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, პროფესორ-მასწავლებელთა და აკადემიური პროგრამების შერჩევისა და პროექტის განვითარებისთვის საჭირო სხვა თემები. ხაზი გაესვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სასწავლო მიმართულებების სწორად განსაზღვრის აუცილებლობას, რაც მომავალში ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილების მნიშვნელობაზე, რომელიც საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებების მხრივ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 27-ე ადგილზეა. „ჩვენ გვაქვს დიდი ამბიციები საქართველოსთან დაკავშირებით.

საქართველო არის ძალიან პერსპექტიული ქვეყანა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების, არამედ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მიზანიც სწორედ იმ გზების გამონახვას მიეძღვნა, რომლებითაც ჩვენ - გერმანელი და ბავარიელი პარტნიორები ჩავერთვებით ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ფართომასშტაბიან პროექტში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები საერთაშორისო კამპუსის მართვის ცენტრისთვის აუცილებელი კვალიფიკაციის უზრუნველსაყოფად, რამაც საქართველოში ახალი ღირებულებების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მეორე ნაბიჯს უახლოეს მომავალში გადავდგამთ,"-განაცხადა დანიელ გოტშალდმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.