საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრემიერ-მინისტრის თანაშემწის მოხსენება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-18

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესიის ფარგლებში, გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება."

ღონისძიება გახსნეს გაეროში მუდმივმოქმედი მისიის ელჩმა კახა იმნაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა მანანა კობახიძემ და პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ,

სოფო ჯაფარიძემ  გააკეთა მოხსენება  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე და გამოცდილებაზე, რომელიც 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში დაგროვდა. იგი ასევე შეეხო გეგმის შესრულების საკოორდინაციო მექანიზმს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს.

პრემიერის თანაშემწემ ხაზი გაუსვა ზემოაღნიშნული რეზოლუციის მნიშვნელობას საქართველოსთვის, რომლის 20 % ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და 269 542 იძულებით გადაადგილებული პირიდან, 144 044. (53.44%) ქალია. სოფო ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა ე.წ. „მცოცავ ოკუპაციაზე" და ინფორმაცია მიაწოდა მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ყოველკვარტალურად გამოცემულ ანგარიშზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ეხება.

ღონისძიებაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელებმა გააკეთეს შემაჯამებელი მოხსენებები.  შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს მიეცათ კომენტარების გაკეთებისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. შეკითხვები ძირითადად ეხებოდა დევნილ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების მექანიზმებსა  და ქალთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის აუცილებლობას.