საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრემიერის დავალებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, კამპანიაში - „ეს შენ გეხება" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მომხდარს სახელმწიფოზე დარტყმად აფასებენ და გამოთქვამენ სურვილს, პრემიერ-მინისტრს გააცნონ თავიანთი მოსაზრებები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შემდგომი გავრცელების პრევენციისა და საგამოძიებო ორგანოების მეტი ეფექტურობის მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის მყისიერ რეაგირებას, ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, მიესალმებიან და მიიჩნევენ, მნიშვნელოვანია, რომ გიორგი კვირიკაშვილის, როგორც მთავრობის მეთაურის ჩართულობა ამ პროცესში გაგრძელდეს.

„ეს შენ გეხება" საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის წინადადებითაც გამოდის. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ეს გამოძიების ეფექტურობას გაზრდის და პროცესისადმი ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებებს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება შეხვედრასთან დაკავშირებით.

შალვა თადუმაძემ არასამთავრობოებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა გამოძიების პროცესში ყველა იმ ორგანიზაციისა თუ ჯგუფის ჩართვასთან დაკავშირებით, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია.