საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრემიერ-მინისტრის თანაშემწიე ქალთა სტატუსის კომისიის მე–60 სესიაზე სიტყვით გამოვიდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-15

ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესია, რომლის მთავარი თემაა ქალთა გაძლიერების კავშირი მდგრად განვითარებასთან. სესიის ფარგლებში გაიმართა დისკუსია მრგვალ მაგიდასთან, სადაც სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე ეროვნული მექანიზმების განმტკიცებაზე და მოახსენა აუდიტორიას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის თაობაზე.

მისი განცხადებით, საუწყებათაშორისო კომისიის დებულებაზე მუშაობა დასრულების ეტაპზეა. საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან შესაბამისი სამინისტროების მინისტრთა მოადგილეები. კომისიის მანდატი სხვა საკითხებთან ერთად გავრცელდება გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე, გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობაზე ყველა სამინისტროში და გენდერული მეინსტრიმინგის პოლიტიკის შემუშავებასა და გადახედვაზე, სქესის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებაზე, ანალიზსა და კვლევაზე, გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავებასა და საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენაზე, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) და შესაბამისი სპეციალური მომხსენებლების, ასევე გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების/პოლიტიკის შემუშავებაზე. კომისია ანგარიშვალდებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის საუწყებათაშორისო საბჭოსა და პარლამენტის წინაშე. კომისიას ეყოლება სამდივნო, რომელიც დაეხმარება მას თავისი ფუნქციების განხორციელებაში.

სოფო ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მრავალი წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის არარსებობა აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წუხილის საგანი იყო. მისი განმარტებით,  აღნიშნული ინიციატივა ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ურყევ ნებას გაითვალისწინოს გენდერული თანასწორობის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი მანანა კობახიძე.