საქართველოს მთავრობა – სიახლეები

2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-10

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის" 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმისა და „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.

გაიმართა დისკუსია, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში მოხდა სახალხო დამცველისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელთაც ჩაატარეს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი.

სოფო ჯაფარიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასევე შეხვედრა გამართეს გორის მუნიციპალიტეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და იძულებით გადაადგილებული პირები.