საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-15

2015 წლის 15 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულ უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე. მან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება გააკეთა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მიზნით განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხზე.

ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და აღნიშნეს, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით რეგიონის ქვეყნებისთვის სამაგალითოა, რისი დასტურიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრად არჩევა. მოკავშირეებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.