საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფო ჯაფარიძე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-10

2015 წლის 10 ნოემბერს საქართველოში გაიმართა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში".

კონფერენცია გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისასალმებელ სიტყვებით დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა ურთიერთობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენლმა/კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰეიმო ლააკონენიმ.
მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზებაც საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირსა დაგაეროსთან თანამშრომლობით ჩატარდა, მოიცავდა სამ თემატურ სესიას: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური წახალისება, ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.

სოფო ჯაფარიძე სიტყვით გამოვიდა ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ თემატურ სესიაზე. მან ისაუბრა ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის (ოჯახში ძალადობის ჩათვლით) გამომწვევ მიზეზებზე, საკითხის მნიშვნელობაზე და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ძალების გაერთიანებაზე. მან ისაუბრა ზემოთ მითითებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, კერძოდ, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაზე, არსებულ პრაქტიკაზე, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის ჩამოყალიებებასა და გაძლიერებაზე. სოფო ჯაფარიძემ ასევე ისაუბრა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

დასასრულს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა პრემიერ-მინისტრის მიერ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ გაეროში გლობალურ ლიდერთა შეხვედრაზე დაფიქსირებული მზადყოფნა ინტენსიური და თანმიმდევრული ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმოების შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრა და ადრეული ქორწინების პრევენცია. ჯაფარიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ აღმოფხვრაზე მომუშავე სხვადასხვა მექანიზმების ეფექტიან კოორდინაციაზე, ისევე როგორც, მჭიდრო თანამშრომლობაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ძალადობის დაძლევის მიზნით ხელშესახები შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად.