საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-17

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო საუწყებათაშორისო საბჭოს თანამშრომლობაზე.

საუბარი შეეხო ტრეფიკინგის პრევენციის, მხვერპლთა დაცვის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის საშუალებებისა და მეთოდების განვითარების მიმართულებით სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ტრეფიკინგის თემაზე სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშზე და მასში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართლებით სახელმწიფოს თანმიმდევრულ პოლიტიკას, სახელმწიფო უწყებების ღიაობას და მათ შორის კარგ კოორდინაციას.