საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ადრეული ქორწინების საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-16

16 სექტემბერს, გაეროს სახლში, თბილისში, გაიმართა ადრეული ქორწინების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი შეიქმნა პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოს და გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ინიციატივით. ჯგუფს ფასილიტაციას გაუწევს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი.

სამუშაო ჯგუფის მიზანია არსებული რესურსების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პოლიტიკის შესახებ რეკომენდაციების გაუმჯობესება ქვეყანაში ადრეული ქორწინების პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ასევე, ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხის ადვოკატირება. ჯგუფის მუშაობა ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ანალიზს მათში ადრეული ქორწინების პრევენციის ინტეგრაციისთვის.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, გენდერის თემატური ჯგუფის წევრები (საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები) და ადრეული ქორწინების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ადრეული ქორწინება ბავშვისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის დარღვევაა, რადგან ბავშვებს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ მისცენ ქორწინებაზე თავისუფალი, წინასწარი და ინფორმირებული თანხმობა. ადრეული ქორწინების პრევენცია შესაძლებლობას მისცემს გოგონებს სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, დაასრულონ განათლება, გადაავადონ დაქორწინება, იყოლიონ ჯანმრთელი შვილები და ჰქონდეთ მეტი შემოსავალი.