საქართველოს მთავრობა – სიახლეები

,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის პროექტის განხილვა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-12

საჯარო სამსახურის ბიურომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს დღეს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი წარუდგინა. კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს საჯარო სამსახურის ფარგლებს, აკონკრეტებს საჯარო მოსამსახურეთა ცნებებს და კატეგორიებს, პრინციპებს საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების სისტემების შექმნისათვის. იგი ქმნის მყარ სამართლებლივ საფუძველს და აკონკრეტებს დისციპლინური წარმოების სამართლიან მექანიზმს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, საჯარო სამსახურის რეფორმა არის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის და ეფექტური მმართველობის განხორციელების ძირითადი ელემენტი და მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვაში საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს.

„დღეს არის პირველი საჯარო განხილვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი ძალიან ინტენსიურად და საინტერესოდ წარიმართება. ამჟამად გვყავდა საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთვრობო ორგანიზაციები მოწვეულები და ნამდვილად გვინდა, რომ მივიღოთ და მოვისმინოთ მათი კომენტარები, შენიშვნები. კანონპროექტი ორშაბათიდან გამოქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე. ასე რომ, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, საკუთარი აზრი დააფიქსიროს. ასევე არის, დაგემილი შეხვედრები პარლამენტთან, უზენაეს სასამართლოსთან, სამთავრებო და არასამთავრობო სტრუქტურებთან. ვფიქრობთ, ძალიან ფართო დისკუსიები გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით და მივიღებთ იმ კანონს, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას,"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ერთ-ერთ ფუნდამენტურ რეფორმად აფასებს საჯარო სამსახურის ახალ კანონზე მუშაობას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.

„საჯარო სამსახურის რეფორმა, საქართველოს მომავლისათვის არის, ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური რეფორმა თავის მნიშვნელობიდან გამომდინარე. მის წარმატებაზე არსებითად არის დამოკიდებული ქვეყნის წარმატება, მისი შემდგომი განვითარება. სწორედ ამიტომაც არის, რომ ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამა უჭერს მხარს ამ რეფორმას სხვა დონორებთან ერთად. დღეს, ჩვენ განვიხილავდით პირველად ახალ პროექტს საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ფუძემდებლური დოკუმენტია ამ რეფორმის განხორციელებისათვის. ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ საჯარო სამსახურის ბიუროს, საქართველოს მთავრობას ამ კანონის შემდგომ იმპლემენტაციაში,"-აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

„ეს არის დეტალურად გაწერილი, მკაცრ სამართლებლივ ჩარჩოს დაქვემდებარებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უფლებების დაცვის სამართლებრივი საშუალებებიც დაკონკრეტებულია, როგორც კონკურსანტებისათვის, ისე თვითონ პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის,"-განმარტა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ.