საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 20 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2010 წლის 20 აგვისტოს მთავრობის სხდომა 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 57 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2010 წლის ივლისის ეკონომიკური აქტივობის შესახებ ისაუბრა.

წარმოგიდგენთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„წინასწარი მონაცემებით, პირველი ექვსი თვის ეკონომიკური ზრდა 5.5%-დან 6% შეადგენს. ზუსტი მონაცემი სექტემბერის დასაწყისში გვექნება.

სასიამოვნოა, რომ ტემპის ზრდის ტენდენცია ივლისის თვეშიც ისეთივე არის, როგორიც პირველი ექვსი თვის განმავლობაში იყო.

რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან: ძალიან მნიშვნელოვანია ზრდა საბანკო დეპოზიტების მხრივ. გასული წლის ივლისი წლევანდელს რომ შევადაროთ, საბანკო დეპოზიტები 44%-ით გაზრდილია.

ხაზი მინდა იმას გავუსვა, რომ არსებულ დეპოზიტთა რაოდენობა (3.9 მლრდ ლარზე უფრო მეტი) რეკორდულად მაღალია საქართველოს ისტორიაში.

სასესხო პორტფელებიც გაზრდილია და გასული წლის ივლისი წლევანდელს რომ შევადაროთ, ზრდა შეადგენს 10%-ს. გარდა ამისა, რეალური სექტორი ძალზედ მნიშვნელოვანია, აქ ზრდა ავტომობილების რეგისტრაციაში გვაქვს. თუ პირველი ექვსი თვის განმავლობაში ზრდა იყო მხოლოდ 15%-ი, გასული წლის ივლისი წლევანდელს რომ შევადაროთ, ზრდა შეადგენს 34 %-ს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვებია, რაც ეკონომიკურ აქტივობასთან ყველაზე ახლო კორელაციაშია. ივლისის თვის მონაცემების მიხედვით აქაც საკმაოდ კარგი ციფრი დაფიქსირდა.

თუ ექვსი თვის განმავლობაში დღგ-ს ბრუნვის ზრდა იყო 25%-ი, გასული წლის ივლისი წლევანდელს რომ შევადაროთ, ზრდა წარმოადგენს 28%-ს.

სასიამოვნოა ის, რომ ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა სექტორებზე ვრცელდება. განსაკუთრებით, ზრდა ექსპორტის მიმართულებით და ტურიზმის მიმართულებით არის აღსანიშნავი.
მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტორთა რაოდენობას, რომელიც გასულ წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეკონომიკურმა აქტივობამ ზრდა არ შეწყვიტოს, შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი და ჩვენი ბრძოლა უმუშევრობასთან გავაგრძელოთ."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური