საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 11 მაისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 11 მაისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 11 მაისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში 25 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის შესახებ ისაუბრა.

"მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ხელთ არის ეკონომიკური აქტივობის აპრილის მონაცემები. ეს ციფრები საინტერესო იქნება როგორც მთავრობის წევრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
აპრილშიც ეკონომიკის ზრდა ისეთი ტემპით გაგრძელდა, როგორც ეს პირველ კვარტალში იყო. რაც მისასალმებელია.

2009 წლის მონაცემებს 2010 წლის მონაცემებთან ყველაფერში უკვე აღარ ვადარებთ, რადგანაც 2009 წელთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ზრდა არის. შედარებას თითქმის ყველაფერთან 2008 წლის პირველ კვარტლის მონაცემებთან ვაკეთებთ. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ 2008 წლის პირველი და მეორე კვარტლები, მართლაც , ეკონომიკური ბუმით გამორჩეული კვარტლები იყო.

რაც შეეხება უძრავი ქონების რეგისტრაციას, ეს ეკონომიკური აქტივობის ერთერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. აქაც აპრილში სერიზოული ზრდა იყო. თუ 2009 წლის მონაცემებს შევადარებთ, გაიზარდა 43%-ით, ხოლო თუ 2008 წლის მონაცემებს შევადარებთ, გაზრდილია 5 %-ით.

ავტომობილების გაყიდვასთან დაკავშირებითაც სერიოზული ზრდა არის. გასულ წელთან შედარებით ზრდა 30%-ია. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავეწიეთ 2008 წლის მონაცემებს.
საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად და სწრაფად ზრდის თავის პორტფელს, დეპოზიტების რაოდენობაც საკმაოდ გაზრდილია.

ასევე გაზრდილია სასესხო პორტფელებიც. გაზრდილია როგორც სამომხმარებლო სესხები, ასევე იპოთეკები და საკრედიტო ბარათების რაოდენობაც. ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად იზრდება, უბრუნდება იმ ტემპს, რომელიც ქონდა 2007 წლის ბოლოს-2008 წლის დასაწყისში. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2009 წელთან შედარებას უკვე აზრი აღარ აქვს.
ჩვენ შევეცდებით, რომ მომავალში ყველა მონაცემი, შევადაროთ 2008 წელთან, რადგანაც ეს უფრო საინტერესო იქნება ბიზნესმენებისთვის, ინვესტორებისთვის და საზოგადოებისთვის."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური