პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2010 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თურქეთში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შავი ზღვის ატლანტიკური საბჭოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა და თავის თურქ კოლეგას, თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.

შავი ზღვის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებზე და იმ ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა .

"წლების წინ რევოლუციის შემდეგ, ვფიქრობდით რა ნიშა შეიძლებოდა დაგვეჭირა რეგიონში და ჩვენი ადგილი ვიპოვეთ.

ეს არის ლიბერალური ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების ნიშა. ჩვენი მთავარი მიღწევა იყო კორუფციასთან ბრძოლა. გზებისა და აეროპორტების მშენებლობაში ვახორციელებთ ინვესტიციებს. თურქეთი ჩვენთვის ყველაზე მთავარი ინვესტორია. მნიშვნელოვანია ის ენერგეტიკული პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება. ვფიქრობ, რომ მომავალში საქართველო ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში დიდ როლს შეასრულებს,"- განაცხადა ნიკა გილაურმა შავი ზღვის ატლანტიკური საბჭოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ფორუმზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური