საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №399

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, N54, ნაწილი III, მუხლი 462) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას.

2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონით, შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

2. მე-3 მუხლის:
ა) პ-ტ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
პ) საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ორგანიზება; საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა გადასახადების აკრეფის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ამ მიზნით სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება;
ჟ) საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;
რ) საგადასახადო და საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენების ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ს) საგადასახადო ორგანოების მუშაობით მიღწეული და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ტ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთა, თავიდან აცილება, წინასწარი გამოძიება; საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;
ბ) ჰ.ვ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
ჰ.ვ) კანონმდებლობით დადგენილ საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციათა განხორციელება;

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის რ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
რ) განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს;

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობების დაბრუნებას, აღრიცხვასა და ანგარიშგებას;

5. 36-ე მუხლის:
ა) `ვ და `ზ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ბ) `ს ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო ორგანოების მიხედვით;

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური