საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №396

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1.ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, N99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "უ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
უ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის სახელმწიფო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა, საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და/ან ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2. მე-9 მუხლის "დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი _ სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი, სამშენებლო საქმიანობის, საბინაო-კომუნალური, საცხოვრისისა და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დასახლებული პუნქტების (ქალაქების, კურორტების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი და საინჟინრო საქმიანობის ორგანიზება; ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, კერძოდ, ქვეყნის განსახლების სისტემის გენსქემის, მუნიციპალური დაგეგმარების სქემებისა და პროექტების, აგრეთვე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია; ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზება და ამ სამუშაოთა მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ქვეყანაში საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი საინჟინრო უზრუნველყოფის კოორდინაცია შესაბამის დაწესებულებებთან ერთად; სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; გლობალური, სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, სამშენებლო საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებისას; მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა; საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, პროგნოზირება და რეალიზების ხელშეწყობა; საბინაოკომუნალური მეურნეობის სექტორში ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ბაზის შექმნის ხელშეწყობა; საცხოვრებლის ინდიკატორების შემუშავება საერთაშორისო ინდიკატორების სტრუქტურის გათვალისწინებით; სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებისა და განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური