საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №385-1

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2010 წლის 17 დეკემბრის
N385 დადგენილებით
დანართი N1



დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის
წესისა და პირობების შესახებ


მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

ეს დებულება შემუშავებულია ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 72-ე, 721, 722, 723, 724 და 725 პუნქტების შესაბამისად.
2. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
3. თუ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი დააპირებს დამატებით საქმიანობის განხორციელებას, რომლისთვისაც გაიცემა სხვა ლიცენზია, ის ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ ლიცენზიის მისაღებად დადგენილი განსხვავებული პირობები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ახალი ლიცენზიის მისაღებად საჭირო განსხვავებული პირობები. ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ლიცენზიის მფლობელმა შეასრულა უკვე გაცემული ლიცენზიის მიღების დროს.

მუხლი 4. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი

1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად, დამატებით უნდა წარადგინოს:
ა) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია რადიოლოგიური მომსახურების (მათ შორის, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა) განხორციელების შემთხვევაში. აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება ულტრაბგერით დიაგნოსტიკას;
გ) დეკლარაცია სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის შესახებ, დამოწმებული ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი პირის მიერ (დანართი N11).

2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი N12).

3. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი N13).

4. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი N14).

5. პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი N15).

6. საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი N16).

7. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე და მას უნდა გააჩნდეს მოწმობა დაკალიბრების/დამოწმების შესახებ, კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მოთხოვნა აუცილებლობას წარმოადგენს 2012 წლიდან და ეხება იმ სამედიცინო აპარატურას, რომლის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

8. ლიცენზიის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით, დარღვევის რისკის შეფასების მიხედვით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. სააგენტო ვალდებულია შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით, რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტს ხელს აწერენ სააგენტოს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს ამბობს შემოწმების აქტის ხელმოწერაზე, შემოწმების აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელმა შემოწმების აქტს უნდა დაურთოს ახსნაგანმარტება ან/და შენიშვნები შემოწმების აქტის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

მუხლი 5. პასუხისმგებლობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის

ლიცენზიის მფლობელის მხრიდან სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. გარდამავალი რეგულირება

1. ,,სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მფლობელებს ავტომატურად უნდა გადაეცვალოთ აღნიშნული სალიცენზიო მოწმობა ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო მოწმობაზე.

2. ,,სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მოწმობის გამოცვლა ხორციელდება ამ ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, ამასთან, 2011 წლის 1 მარტამდე - შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ  შესაბამისი ლიცენზიისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში.

3. იმ სერვისების განმახორციელებელ პირებს, რომლებსაც ახალი სალიცენზიო რეჟიმით მოეთხოვებათ განსხვავებული პირობები, აღნიშნულის დასაკმაყოფილებლად განესაზღვ-როთ ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.