საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

2009 წლის 2 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრისას პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ახალ ინიციატივას შეეხო, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამებით სწავლის გაგრძელებას ხელისუფლება დააფინანსებს.

"განვახორციელებთ სრულ დაფინანსებას, რომელშიც მგზავრობა, ადგილზე ცხოვრება და სწავლა შედის,"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა.

"ჩვენ აქამდე გვქონდა ჯანდაცვის პროგრამები, რომელთა შესახებ არავინ არ იცოდა. ეს პროგრამები, გარკვეულწილად, კორუფციის წყაროც იყო და საზოგადოებისთვის არანაირი დადებითი შედეგი არ მოუტანია. დღეისათვის მთავრობამ დააზღვია ძალიან ბევრი, დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასამდე ადამიანი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე, ნიკა გილაური კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს სტატისტიკური დეპარტამენტის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების, სამედიცინო რეფორმების, სოციალურ,
მაკროეკონომიკის და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების საკითხებს შეეხო.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური