საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ახალი ვებ–გვერდის www.georgia.gov.ge –ს პრეზენტაცია გაიმართა

2009 წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ახალი ვებ-გვერდის www.georgia.gov.ge -ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ვებ-გვერდის მიზანია საქართველოში ბიზნესით დაინტერესებული ყველა ქართველი და უცხოელი ინვესტორისთვის ქვეყნის ბიზნესგარემოს მდგომარეობის შესახებ ერთიანი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამარტივება.

ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე, რომელსაც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი უძღვებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ყველა ოფიციალურ სამთავრობო საიტზე არსებულ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, ახალ ვებ-გვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია სამთავრობო პროგრამების, ტენდერების, პრივატიზაციის შესახებ.

„მინდა განგიმარტოთ დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი. რამოდენიმე დღის წინ, ფინანსთა მინისტრს დავავალე, ელექტრონული „ჰაბის" შექმნა. ეს იქნება ვებ-გვერდი www.georgia.gov.ge, რომელიც 24-25 ვებ-გვერდზე არსებულ სხვადასხვა ინფორმაციას მოუყრის თავს. საიტზე, ქართველი ბიზნესმენებისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული ინფორმაციის მოძიება, მაქსიმალურად გამარტივებული იქნება. აქამდე, მათ საჭირო ინფორმაცია, რომ მოეძებნათ, რამოდენიმე ინტერნეტ გვერდზე უწევდათ შესვლა. ზოგ შემთხვევებში, არსებული ინფორმაციები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამიტომ გვექნება ერთი საიტი, სადაც საინფორმაციო სქემის ცენტრალიზებას მოვახდენთ. ამ ინტერნეტ გვერდზე, დაიდება ის პროექტები, რომელიც მთავრობის ინიცირებულია, ნებისმიერი საინვესტიციო პროექტები, რომლებსაც მთავრობა, ბიზნესმენებს და ინვესტორებს სთავაზობს, ყველა ტენდერი, პროექტები, რომელსაც მთავრობა და სამთავრობო უწყებები აცხადებენ. იქნება, ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის შესახებ. აგრეთვე დაიდება, სამთავრობო სტრუქტურებში არსებული ვაკანსიები. იდეაში გვაქვს, რომ განთავსდეს ბლოგი, რომელიც ინვესტორებს, კერძო სექტორს და მთავრობას ერთმანეთთან დააკავშირებს. მოხდება იდეების გაცვლა, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

„ამ საიტის შექმნის მიზანია, რომ ეს გახდეს ინვესტორების „ჰაბი". ყველას მინდა ვთხოვო, რომ შევიდნენ ამ საიტზე, ნახონ რა შეიძლება დავამატოთ, გამოვაკლოთ... ეს არის ჩვენი მიზანი. საიტი დასრულებული არ არის, დახვეწას გარკვეული დრო დასჭირდება.

ჩვენი მთავარი მიზანი არის სამუშაო ადგილების შექმნა. ამისათვის აუცილებელია, როგორც ქართველი ბიზნესმენების, ისე უცხოელი ინვესტორების გააქტიურება, მთავრობისა და კერძო სექტორის ურთიერთობა, ბიზნესმენებისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება, ტრანსფარენტულობა, საქმის გამარტივება, როგორც საგადასახადო, ისე საკანონმდებლო კოდექსში.
ეს არის მცირე მაგალითი იმისა, რაც გვინდა ვაჩვენოთ... რას ვაკეთებთ მათთვის და რა შეგვიძლია შევთავაზოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია იყოს დროული, ზუსტი, და რაც მთავარია მთავრობამ და კერძო სექტორმა ვისაუბროთ ერი და იგივე ინფორმაციითა და პრეზენტაციით," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ფინანსტა მინისტრს, კახა ბაინდურაშვილს საიტის პრეზენტაციის დაწყება სთხოვა.

www.georgia.gov.ge- ზე მოძებნით შემდეგ ბანერებს: 100 ახალი საწარმო სოფლად, განახლებული ენერგია, საგადასახადო კოდექსი, ინდუსტრიული ზონა, განახორციელე ინვესტიცია საქართველოში და ა.შ. ინტერნეტ საიტი ორენოვანია. ვებ-გვერდზე დამატებით განთავსდება ორი სპეციალური ბმული: ტენდერები და ვაკანსიები - სამთავრობო სტრუქტურაში არსებული ყველა ვაკანსიისა და ტენდერის შესახებ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი