საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა სადაზღვევო კომპანიებთან მემორანდუმს ხელი მოაწერა

2009 წლის 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ხელი მოაწერა მემორანდუმს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი დაზღვევის შესახებ.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, თქვენ და ჯანდაცვის სამინისტროს, ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, გაწეული სამუშაოებისთვის, რომლის რეალური შედეგი დღეს გვაქვს. გასული წლების განმავლობაში, გვგქონდა ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც არც თუ ისე გამართულად მუშაობდა. ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდა, რომელიც ასეთ ფაქტებს გაუწევს კოორდინაციას. მინდა სადაზგვეო კომპანიებს ვთხოვო, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ ასეთ შემთხვევებს.

რაც შეეხება დღევანდელ მემორანდუმს, ამაზე ბევრი იყო ნაფიქრი. საქართველოში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, არსებობდა ძვირიანი პაკეტი და უფასო დაზღვევა, როდესაც სახელმწიფო მოქალაქის ხარჯებს იხდიდა. ეს პაკეტი იყო, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთათვის, ექიმებისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის, ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს
შესაძლებლობა, მინიმალური თანხის გადახდის შემთხვევაში, დაეზღვიოს უბედური შემთხვევისგან ან რაიმე ტრავმისგან.

პრეზიდენტის დავალებით, მთავრობამ, სადაზღვეო კომპანიებთან ერთად სწორედ ასეთი პაკეტი შეიმუშავა. საკმაოდ დიდი გათვლების შემდეგ, სწორედ ამ 5ლარიან პაკეტზე შევჯერდით. მინდა განვმარტო, რომ ამ პაკეტში შედის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმა და პირველადი ჯანდაცვის მომსახურება. ამის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტრო უფრო დეტალურ განმარტებებს, უახლოეს მომავალში გააკეთებს. მოსახლეობას განვუმარტავთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ჯანდაცვის პაკეტის აღება. სადაზგვეო კომპანიებში, მოქალაქეების მიღება 1 მარტიდან - 1 ივლისამდე გაგრძელდება. თვეში, 5 ლარიდან - 3,35ლარს სახელმწიფო გადაიხდის. საქართველოს მოქალაქეს წლის განმავლობაში ამ პაკეტის შეძენა 20 ლარზე ნაკლები დაუჯდება, დანარჩენ თანხას კი სახელმწიფო დააფინანსებს," - განაცხადა ნიკა გილაურმა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ თანამშრომლობისთვის სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრეს-ცენტრი