საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო კონფერენციას ”საქართველოს საავტომობილო გზები და თანამედროვე ტექნოლოგიები” დაესწრო

პრემიერ-მინიტრი საერთაშისო კონფერენციას "საქართველოს საავტომობილო გზები და თანამედროვე ტექნოლოგიები" დაესწრო



2009 წლის 17 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს საავტომობილო გზები და თანამედროვე ტექნოლოგიები" დაესწრო. ამ ფორმატის კონფერენცია საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროში პირველად ტარდება. კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმო საქართველოს საავტომობილო გზების განვითარების მიმდინარე და მომავალი (2009-2014 წ.წ) წლების საინვესტიციო პროგრამებისა და პერსპექტივების პრეზენტაციას. მეორე ნაწილში უცხოურმა საგზაო-სამშენებლო კომპანიებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ გამოყენებული თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებზე. კონფერენცია ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე მძლავრ საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან და საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროშო ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

"ასეთ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი კონფერენციების ჩატარება. ჩვენი მიზანია, საქართველოში მყოფ უცხოურ კომპანიებს, გავაცნოთ არსებული სიტუაცია, იმ საინვესტიციო გარემოსა და პირობების შესახებ, რაც ქვეყანაში საგადასახადო კოდექსისა და საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით არის შექმნილი. შესაბამისად, ისინი დადებითად უნდა განვაწყოთ, რომ საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ. ნებისმიერი ასეთი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს შეუწყობს ხელს. მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოურმა და ქართულმა კომპანიებმა, ერთმანეთს ტექნოლოგიები გაუზიარონ, რაც ასევე ხელს შეუწყობს, ქართული კომპანიების განვითარებას. მესამე იმისათვის, რომ მთავრობამ გარკვეული კომუნიკაცია განახორციელოს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კერძო სექტორთან, რადგან ნებისმიერი ჩვენი გეგმა მათთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ ის პროექტები განვახორციელოთ, რომლებზეც ვსაუბრობთ და ეკონომიკაში 521 მილიონ ლარს საგზაო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება გავუკეთოთ. საჭიროა, რომ სწორედ ამ კერძო კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა, ტენდერებში, მათ დაიქირაონ მუშა ხელი საქართველოში და მათ შეასრულონ ეს სამუშაოები. ანუ მივაღწიოთ ერთად იმ მიზანს, რომელიც გაგვაჩნია, ეს არის დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი