საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

2009 წლის 30 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

"მოგესალმებით, საკმაოდ დიდი ხანია არ წარვმდგარვარ თქვენს წინაშე იქიდან გამომდინარე, რომ ვიმყოფებოდი და ვიმყოფები კვლავაც ინტენსიური მკურნალობის რეჟიმში. ძალიან მწყდება გული იმის გამო, რომ ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება ემთხვევა ჩემი ცხოვრების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს. ქვეყნის პრეზიდენტმა და პარლამენტმა მე მომანიჭა უდიდესი ნდობა ჩავმდგარიყავი საქართველოს მთავრობის სათავეში. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ დღეს, როდესაც მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ დავძლიოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და რუსული აგრესიის შედეგად გამოწვეული პრობლემები და შევინარჩუნოთ სამუშო ადგილები, მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რამოდენიმეჯერ ვიმყოფებოდი სამკურნალოდ.

ექმიმების დასკვნით, კვლავ ორი თვე ინტენსიურ რეჟიმში მკურნალობის გაგრძელება მესაჭიროება. ყველა დამეთანხმება, რომ დღეს საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინსიტრი სამი თვის განმავლობაში ჩვეულ სამუშაო ფორმაში არ იყოს. დღეს ქვეყანას მთავრობა და პრემიერ-მისნიტრი სჭირდება, რომელიც შეძლებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას. სწორედ ასე ვაპირებდი და კაბინეტის წევრებს იგივეს ვთხოვდი. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამის საშუალება არ მომეცა. გამომდინარე იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც მე ქვეყნის, ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე გამაჩნია, დღეს საქართველოს პრეზიდენტს ვესაუბრე და თხოვნით მივმართე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატურა განიხილოს. იმის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რაიმე ფორმით მაინც მთავრობის ქმედითუნარიანობის შესუსტების მიზეზი გახდეს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი დანიშვნის დღიდან ყოველთვის მქონდა საქართველოს პრეზიდენტისგან სრული თანადგომა და მხარდაჭერა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავყუხადო.

აგრეთვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, რომელთა პროფესიონალიზმმა და შრომისმოყვარეობამ ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩემი პასუხისმგებლობის ტვირთი შემიმსუბუქა.

საქართველოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ნდობისა და თანამშრომლობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობას მხარდაჭერისა და ლოცვისათვის, რაც ყოველთვის მმატებდა და მმატებს მხნეობასა და ძალას.

დასასრულს მინდა დავამატო, რომ ნებისმიერ რანგში საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამსახურში დავრჩები და პრეზიდენტთან, ჩემს მეგობრებათან ერთად შევეცდები ის საქმე და ის მიზნები, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში ერთად დავისახეთ ბოლომდე მივიყვანო,"-განაცხდა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი