საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

20 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის კანცელარიაში მიიღო ევროპის კავშირის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბატონი პიტერ სემნები.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მთავარ საკითხებს შეეხო. ასევე განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების საკითხები.
ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობათა შესახებ და მადლიერება გამოხატა ევროპის კავშირის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროგრამების გამო. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი დახმარება იქნა აღმოჩენილი საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემისათვის (Georgian Border Guard Assistance Program), ისევე როგორც, უდავოდ წარმატებული იყო კანონის უზენაესობის მისიის (EUJUST THEMIS) მოქმედება.

პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპის სამეზობლო ინიციატივის საქართველოს სამოქმედო გეგმის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის წარმატების გამო. მან განსაკუთრებით გამოჰყო, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიზანს ამ ეტაპზე, წარმოადგენს არა ევროპის კავშირში საქართველოს წევრობის საკითხის დაყენება, არამედ რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმის შემუშავება. ზურაბ ნოღაიდელმა კვლავ დასვა საკითხი, დაიწყოს მოლაპარაკება ევროპის კავშირთან სავაჭრო ბარიერების მოხსნის შესახებ, ხოლო, პირველ ეტაპზე, საქართველოს მიეცეს თავისუფალი ვაჭრობის უფლება ევროპის საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებთან.

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საქართველოს მიერ კონფლიქტების დარეგულირების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ზურაბ ნოღაიდელმა გაამახვილა ყურადღება ქართული მხარის ცალმხრივ ინიციატივებზე, რომლებიც არ შემოიფარგლება რეგიონის დემილიტარიზაციით, არამედ პერსპექტივაში რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. ამ კუთხით, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მაისის თვეში ბრიუსელში დაგეგმილ დონორთა კონფერენციას. მან ასევე დაადასტურა, რომ თანახმაა შეხვდეს დე-ფაქტო ლიდერ ედუარდ კოკოითს.

ბატონი სემნების განცხადებით ევროპის კავშირის ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების კურსს, დაარეგულიროს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით. სტუმარმა აღნიშნა, რომ ევროპაში კმაყოფილებით აღიქვეს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა და შესაბამისად განხორციელებული ინიციატივები. ელჩმა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მიაღწიოს ევროპის კავშირის უფრო აქტიურ ჩართვას რეგიონში კონფლიქტების მოგვარების პროცესში და ამ მიზნით იგი გეგმავს აქტიური კონტაქტების განხორციელებას, როგორც სეპარატისტული ტერიტორიების თვითგამოცხადებულ ხელმძღვანელებთან, ასევე რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი