საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პარასკევს, 24 მარტს შედგა პრემიერ-მინისტრთან არსებული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც მშენებლობის საკითხებს შეეხო. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები. მათ პრემიერ-მინისტრს უამბეს თავიანთი საქმიანობის და მომავლის პერსპექტივების შესახებ, ისაუბრეს იმ სირთულეებზე რომელთა გადაწყვეთა, მათი აზრით, მთავრობასთან თანამშრომლობის შედეგად შეიძლება.

პრემიერ-მინისტრმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მშენებლობა ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა. მთლიან შიდა პროდუქტში მისი წილი 9% შეადგენს, ხოლო სექტორის ზრდის ტემპი 22%-ს აღემატება. ამასთან აღინიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში მხოლოდ 140 ათასი კვ.მ საცხოვრებელი ფართი შევიდა ექსპლოატაციაში, რაც, ჩვენი რეგიონის მასშტაბითაც, ძალიან ცოტაა. პრემიერ-მინისტრმა სხდომის მონაწილეებს უფრო აქტიური მუშაობისაკენ მოუწოდა, ხოლო თავის მხრივ შესაბამისი დახმარება აღუთქვა.

შეხვედრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ იმ საკითხთა უმრავლესობა, რომელიც კომპანიათა წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის წინაშე დააყენეს ან უკვე გადაწყვეტილია, ან გადაწყვეტის სტადიაშია, და უახლოეს დროს მთავრობის, თუ ცალკეული სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად გაფორმდება. კერძოდ, აღინიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მშენებლობისათვის არსებული 21 ნებართვისა თუ ლიცენზიის ნაცვლად მხოლოდ 2 არის საჭირო, ხოლო ამ დოკუმენტაციის მიღების ვადა 60 დღემდე შემცირდა.

ზურაბ ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე იგეგმება მშენებლობის დარგში სახელმწიფო ექსპერტიზისა და შენობების მიღება-ჩაბარების წესების საკითხების განხილვა, რომლებიც საგრძნობლად გაამარტივებს და მკაფიოდ ჩამოაყალიბებს სამშენებლო პროცედურების გატარებას და საფუძვლად დაედება ახალ სამშენებლო კოდექსს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა შეისწავლის ქართული კომპანიების მიერ ერაყსა და ავღანეთში სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობებს, რის შედეგადაც ქართულ კომპანიებს ამ რეგიონებში საქმიანობის საშუალება მიეცემათ.

ზურაბ ნოღაიდელმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს იმ კომპანიებს რომლებიც ქალაქების გარეუბნებში ახალი საცხოვრებელი ფართის მშენებლობით დაკავდებიან, კერძოდ მთავრობა უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სხვა კომუნიკაციების შექმნას.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დავალება მისცა ეკონომიკური განვითარების მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს, რომ მისმა უწყებამ მჭიდროდ კავშირი იქონიოს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება რეალურ რეჟიმში ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი